2024 წლის გაზაფუხლზე, გადავწყვიტეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად გამოგვეყენებინა და ისეთ ინსტალაციაზე ფიქრი დავიწყეთ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ასეული ადამიანის ჩართვის საშუალებას მოგვცემდა. რადგან პროტესტის ეპიცენტრს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა, ინსტალაციის განთავსება სწორედ მის სიახლოვეს გვსურდა.
ამისთვის შევარჩიეთ პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მდგარი ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი. ინსტალაციის პირველი ნაწილი ძეგლის კვარცხლბეკზე გამოტანილი საქართველოს რუკა იყო, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. მთხრობელი დამსწრეებს უხსნიდა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა და ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო იარაღი მოქალაქის ხმა იყო. ინსტალაცია იმგვარად დავაპროგრამეთ, რომ დამსწრეები რაც უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ “საქართველოს”-ს რუკა გაქრობას შეწყვეტდა, შემდეგ კი გაიზრდებოდა და სრულ მოხაზულობას მიიღებდა. როდესაც ბოლომდე გამთლიანდებოდა, ილიას და აკაკის ძეგლები პროექციის საშუალებით გაცოცხლდებოდნენ. თავიდან ილიას ძეგლი იწყებდა ლაპარაკს და ხალხს იმ ფასეულობებს ახსენებდა, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეყრდნობა. ილიას შემდეგ კი აკაკის ძეგლი აგრძელებდა საუბარს, რისთვისაც აკაკის ჩვენამდე მოღწეული ხმის ჩანაწერი გამოვიყენეთ.