ჩვენი მისიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიგვაჩნია საგანმანათლებლო მიმართულება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი პროექტები არ იყოს მხოლოდ გასართობი და დამთვალიერებელს საინტერესო გამოცდილებასთან ერთად ახალ ცოდნასაც უზიარებდეს. ამ მხრივ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცოცხალი, ინტერაქციული აუდიო-ვიზუალური გამოფენის შექმნა.
კონცეფციის შექმნასა და ისტორიული ფაქტების შერჩევაში, ასევე ფოტო, ვიდეო და სხვა საარქივო მასალით უზრუნველყოფაში დახმარებას გვიწევდნენ ისტორიის მკვლევარი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სალომე ჭანტურიძე და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით. სალომე ჭანტურიძემ შექმნა გამოფენის კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის ჩვენებას. ჩვენთვის გამოწვევა იყო მასალების სიმწირე, რადგან იმ პერიოდის შესახებ, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა არ არსებობს. ამიტომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მაქსიმალურად გავაცოცხლეთ, გამოვიყენეთ რესპუბლიკის სიმბოლოები, ხოლო შავ-თეთრი კადრები გავაფერადეთ, სამეცნიერო ტექსტზე დაყრდნობით შევქმენით მხატვრული თხრობა, გავაკეთეთ ინტერაქციული ინსტალაციები, ნოე ჟორდანიას ხმის ერთადერთი შემორჩენილი ჩანაწერის გამოყენებით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მისი ფოტო, მისივე ხმით ავალაპარაკეთ და შევქმენით შემეცნებითი სახალისო თამაშები. ერთ კედელზე გამოვიტანეთ დამოუკიდებლობის აქტის ციფრული გამოსახულება და დამთვალიერებელს შეეძლო სპეციალური მობილური აპლიკაციის დახმარებით ამ ისტორიული დოკუმენტის ფოტო ასლზე არსებული ხელმოწერების გვერდით, საკუთარი ხელმოწერა დაემატებინა და სამახსოვროდ შეენახა.
საბოლოოდ, მივიღეთ ცოცხალი, ინტერაქციული აუდიო-ვიზუალური შოუ, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა ერთგვარად დროში ემოგზაურათ და უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას.