Loading...

ეს ქვეყანა შენია

რუსული კანონის ძალმომრეობით მიღებისა და მოახლოებული არჩვენების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. სწორედ ამიტომ სიამოვნებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ ორგანიზაციასთან - “სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტთან”. მათ სურდათ შეგვექმნა აუდიო-ვიზუალური შოუ, რომელიც მნახველს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთულ გზაზე მათი მნიშვნელობის შესახებ მოუთხრობდა.

ჩვენი ამოცანა იყო ეს ამბავი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება), თანამედროვეობამდე, მოკლე, შთამაგონებელი სიტყვით მოგვეთხრო. ტექნიკური თვალსაზრისით შოუ იმგვარად უნდა აგვეწყო, რომ მისი წაღება მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი საქართველოს რეგიონებში და მორგებოდა განსხვავებულ სივრცეებს. დავიწყეთ კონცეფციაზე მუშაობა.

ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ ქვეყანა წარმოგვედგინა, როგორც სახლი, რომლის ფანჯრებშიც შესაძლებელი იქნებოდა დაგვენახა მისი ამბავი. ავაწყვეთ შვიდი საპროექციო პანელი, შევქმენით ფანჯრების დიზაინები, რომლებიც ისტორიის განვითარების შესაბამისად, განსხვავებული ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. დავამუშავეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მიერ მოწოდებული მასალა და ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, გურამ წიბახაშვილის პირადი ფოტო არქივი, რათა ქვეყნის ისტორიის უკანასკნელი ათწლეულები მისი ფოტოებით გაგვეცოცხლებინა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და ნოე ჟორდანიას გამოსახულებები ავამეტყველეთ, ხოლო ტრეკინგ კამერების დახმარებით სახალისო თამაშები შევქმენით, რაც აუდიტორიის ჩართულობას ზრდიდა და პროცესს ერთ დიდ თავგადასავლად აქცევდა.

“ეს ქვეყანა შენია” იყო ჩვენ მიერ შესრულებული პროექტი, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში წარვადგინეთ.

EN