Ambavi Creators logo

იმერსიული თხრობა - რა არის და რატომ ცვლის ამბის თხრობის ფორმას?

ამბავი კრეატორსი ამბის თხრობის ტრადიციულ ხელოვნებას და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, რათა შექმნას იმერსიული თხრობა. რა არის იმერსიული თხრობა და რატომ ავირჩიეთ ის, როგორც ჩვენი მუშაობის მთავარი ფორმა? ჩვენთვის, როგორც მთხრობელებისთვის ფორმას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ახალი ფორმების ძიება გვაძლევს საშუალებას ერთი და იგივე ამბები უსასრულოდ მოვყვეთ და ამის მიუხედავად მათ მაინც შეინარჩუნონ აქტუალურობა. ბორხესს თუ დავესესხებით სულ ოთხი ამბავია, რომელსაც კაცობრიობა დაუსრულებლად ყვება, თუმცა ეს საყოველთაოდ გაზიარებული მოსაზრება არ არის. ყველა თავისებურად ითვლის. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან რომ 120 სიუჟეტი არსებობს, ზოგიც ამტკიცებს, რომ მოსაყოლი ამბების რიცხვი სულ 39-ია. ჯოზეფ კემპბელმა კი "ათასსახოვანი გმირი" დაწერა, სადაც შეეცადა გამოეკვეთა ის საერთო ნიშნები, თემები და ამბის თხრობის სქემები, რომლებიც სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებელ კულტურებში გვხვდება გმირის მოგზაურობის აღწერისას. და თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, ამბების რაოდენობა სასრულია და ყველა მათგანი უკვე მოთხრობილი, გმირები კი კიდევ და კიდევ ერთი და იგივე გზას გადიან, რატომ არ მოგვბეზრდა ამ ამბების უსასრულოდ თხრობა გილგამეშის ეპოსიდან მოყოლებული დღემდე? რა სიჯიუტეა, რა ვნება, რომ დაუსრულებლად მოვყვეთ ერთსა და იმავეს? საიდუმლოც ესაა, თხრობის გზაზე მნიშვნელოვანია არა ამბის ერთადერთობა და განუმეორებლობა, არამედ ამბებს შორის ერთგვარი გადაძახილი და ამის ამოცნობა. ასე იშვა პოსტმოდერნული ლიტერატურაც და რატომაც არა, კითხულობ ამბავს რომელიც შუასაუკუნეების მონასტერში ხდება და მოულოდნელად ბერში, რომელიც მონასტერში მომხდარ იდუმალ მკვლელობებში გარკვევას ლამობს, მე-19 საუკუნის ცნობილ დეტექტივს ამოიცნობ, ხოლო ბრმა ბიბლიოთეკარი მოულოდნელად ზემოხსენებულ ასევე ბრმა ბიბლიოთეკარს მოგაგონებს, რომელიც მადლობა ღმერთს არანაირ მკვლელობებს არ სჩადიოდა და ცნობილი მწერალი გახლდათ. როგორც ამავე წიგნის ავტორი მოგვიანებით ამბობდა, წიგნები წიგნებს ელაპარაკებიან და როდესაც მკითხველი წიგნებში ამ შრეების დანახვას იწყებს, ეს ცალკე სიამოვნება ხდება. შორს რომ არ წაგვიღოს ამაზე ლაპარაკმა შესაჯამებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურა, კინო ინდუსტრია, თეატრალური სამყარო თუ ოპერა და ბალეტი, უფრო ზოგადად თუ ვიტყვით კი მთლიანად ხელოვნება, უწინარესად ახალი ფორმების ძიებაა, რადგან ამბები დაუსრულებლად მეორდება. ხელოვნების ყოველ ამ მიმართულებას კი თავისი საზღვრები აქვს მონიშნული, რომელსაც ის არ გადავა და რომელშიც ის ახალ-ახალ ფორმებს ავითარებს ერთი და ივივე ამბების მოსათხრობად.  საზღვრების რღვევაიმერსიული თხრობა პირველ რიგში არის ამ საზღვრების გადალახვა და ამბების რეალურ სივრცეში გაცოცხლება, ანდა იმგვარი ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ყველაფერი შენ გარშემო ხდება და შენ ყოველივეს ნამდვილი თვითმხილველი ხარ, ანდა საერთოდაც მონაწილე, ზოგ შემთხვევაში კი სულაც მთავარი გმირი. ზოგადად, იმერსია ჩაძირვას ნიშნავს. როგორც ტერმინი, აღნიშნავს მოვლენას, რომელიც შენ გარშემო ვითარდება და რომელშიც ერთგვარად იძირები. თავის მხრივ ეს იმერსიულობა უამრავი ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული. ამ გაგებით, ექსკურსიაზე წასვლა ნაკრძალსა ან ტყე-პარკშიც შეიძლება მივიჩნიოთ იმერსიულ გამოცდილებად, მაგრამ ცხადია ამ ტერმინით ასეთ მოვლენას არ აღვნიშნათ, რადგან მას აქვს მეორე მდგენელიც - თხრობა. თუ იმერსიულობას დავუმატებთ რაიმე ფორმით თხრობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა იმერსიული თხრობა, მაგრამ შეგვიძლია კი ამის მაგალითად მოვიყვანოთ ნაკრძალში გასეირნება გიდის თანხლებით, რომელიც ამბავს გვიყვება? ტექნიკურად კი, მაგრამ ამ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობთ მესამე ფაქტორსაც - განსაკუთრებულობა. იმერსიული თხრობა გულისხმობს ამ გამოცდილების შექმნას ან შემოტანას ისეთ სივრცეში ანდა კონტექსტში, სადაც ეს მოვლენა როგორც წესი არ გვხვდება. იმერსიული თხრობის მაგალითები:თუ შევძლებდით სავაჭრო ცენტრში შეგვექმნა ციფრული ოთახი, სადაც შეხვიდოდით და გექნებოდათ სრულყოფილი განცდა, რომ ნაკრძალში მოგზაურობთ და თან ბუნების შესახებ ამბავსაც მოგითხრობენ, მაშინ ეს ნამდვილად იქნებოდა იმერსიული თხრობა. თუ რეალურ ნაკრძალში დაგხვდებოდათ საგანგებო ბილიკი, სადაც მოულოდნელად ხე დაგელაპარაკებოდათ, ან გამოქვაბული, რომელიც თქვენი მიახლოვებისას გამოსახულებით დაიფარებოდა და მოგიყვებოდათ მასში პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ - ესეც იქნებოდა იმერსიული თხრობა. ასევე, თუ კლდის წინ დადგებოდით, იტყოდით "სეზამ გაიღე" და მოულოდნელად ათასერთი ღამის სამყაროში აღმოჩნდებოდით - ესეც იქნებოდა იმერსიული თხრობის მაგალითი. იმერსიული თხრობის სამი ძირითადი კომპონენტიშესაბამისად, ტერმინში იმერსიული თხრობა ვგულისხმობთ სამ მთავარ მახასიათებელს:1. გარემომცველობა - ამბავი უნდა ვითარდებოდეს თქვენ გარშემო, ისე რომ მთლიანად იყოთ მისით მოცული;2. თხრობა - უნდა ჰქონდეს ნარატიული თხრობა ან ვიზუალური, ხმოვანი და გრძნობითი აღქმა საშუალებას უნდა გაძლევდეთ გამოცდილების შედეგად აღიქვათ და გაიგოთ კონკრეტული ამბავი;3. უჩვეულობა - იმერსიული თხრობა უნდა ვითარდებოდეს ისეთ სივრცესა ან კონტექსტში, სადაც ის უჩვეულოა და როგორც წესი არ გვხვდება.ამდენად, იმერსიული თხრობა არის მოვლენა, რომელიც ვითარდება უჩვეულო სივრცესა ან კონტექსტში, სრულად მოიცავს ადამიანს და გადმოგვცემს რაიმე ამბავს, რომლის მოყოლაც შესაძლებელია ნარატიული ფორმით. რატომ ავირჩიეთ ეს გზა?ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ რატომ ავირჩიეთ მაინც და მაინც იმერსიული თხრობა, ჩვენი მუშაობის ძირითად ასპარეზად? საქმე იმაშია, რომ თუ ლიტერატურას, თეატრს, კინოს, ხელოვნების სხვა ტრადიციულ ფორმებს და თუნდაც სარეკლამო ინდუსტრიას ავიღებთ, მათ მკვეთრად დადგენილი საზღვრები აქვთ, იმერსიული თხრობა კი პრაქტიკულად მთელ სამყაროს გთავაზობს ასპარეზად და ამბის თხრობის იმდენივე გზა შეიძლება მოძებნო, რამდენი ამბავიც გაქვს მოსაყოლი. სხვანაირად რომ ვთქვათ ნებისმიერი კარგად ნაცნობი მოვლენა, შეგიძლია სრულიად უჩვეულო თავგადასავლად გარდაქმნა, პროცესში გამოიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ გზით იპოვო ისეთი ფორმები, რომლების პოვნაც ხელოვნების ტრადიციულ მიმართულებებში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენი ყველა პროექტი, რომელზეც გვიმუშავია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და არასოდეს მეორდება. და რადგან ასეა, თითოეულმა მათგანმა იდეის დაბადებიდან, განვითარებითა და შემდეგ შესრულებით დამთავრებული თავისი უნიკალური გზა გაიარა. შესაბამისად შეუძლებელია რომელიმე პროექტზე მუშაობისას მოიწყინო, რამე გაკვალული გზით წახვიდე ანდა ზუსტად ის გაიმეორო, რაც უკვე გაგიკეთებია. ამავდროულად ჩენი გუნდის ყველა წევრს, თავისი ფავორიტი ინსტრუმენტები, გამოხატვის ფორმები თუ გამოცდილება აქვს, იმერსიული თხრობა საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი ბუნებრივად გავაერთიანოთ და ამ გზით სრულიად ახალი, განსხვავებული და განსაკუთრებული შევქმნათ.უფრო ვრცლად, როგორ შეიძლება შევქმნათ იმერსიული თხრობა და რა პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენ ცხოვრებაში, შემდეგ ბლოგებში მოგიყვებით.

https://ambavicreators.com/ka/about-us

https://ambavicreators.com/ka/projects

https://ambavicreators.com/ka/offers

https://ambavicreators.com/ka/blogs

https://ambavicreators.com/ka/faq

https://ambavicreators.com/ka/contacts

email

phone

facebook

instagram

youtube

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წესები და პირობები