Loading...

Lotus Cars

დადგა დღე, როდესაც ჩვენი უნარები, შემოქმედებითობა, ენერგია და ძალა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ერთ მშვენიერ საღამოს დაგვიკავშირდა ჩვენი პარტნიორი ივენთ კომპანია “ქედი/მომენტუმ ჯორჯია” და გვთხოვა ლოტუსის წარდგენის ღონისძიებაში ჩართვა. ექსტრემალურად მოკლე დროში უნდა აგვეწყო ორი აუდიო-ვიზუალური შოუ Lotus Cars-ისთვის. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Lotus Cars-ი შემოვიდა და პრეზენტაცია გამართა. ჩვენი პასუხისმგებლობა ამით კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მოგვიწია შეგვექმნა ბრენდის წარდგენის ერთგვარი სტანდარტი. ლენტის გაჭრის ცერემონიისთვის დავწერეთ მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა ბრენდის ხასიათს და ღონისძიების ძირითად განწყობას. შევქმენით განათებების შოუ, რომელიც მუსიკასთან სინქრონში ვითარდებოდა და სტუმრების შოურუმში შემოსვლასთან ერთად გამოხატავდა ბრენდის ხასიათს მისი ფერების ზუსტი აქცენტირებით.

ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, ბრენდის ძირითადი ფასეულობების, ღრმა ფესვების, ისტორიის, ახალი ხედვისა და გლობალური ამბიციების სტუმრებისთვის გასაცნობად: დავწერეთ თხრობა; ჩავწერეთ და დავამუშავეთ როგორც მთხრობელი, ისე ფოლი და სპეციფიკური ხმის ეფექტები; თხრობაზე დაყრდნობით ავაწყვეთ 9 წუთიანი აუდიო-ვიზუალური შოუ, რომელიც გადიოდა შოურუმში დამონტაჟებულ უზარმაზარ LED ეკრანზე და ვითარდებოდა გვერდებზე დამონტაჟებულ LED სვეტებზე, რომლებიც დამატებითი განათების ფუნქციასაც ასრულებდა და იმერსიის ეფექტს ქმნიდა შოუ რუმში; მთავარი LED ეკრანის წინ განთავსებულ სამ ავტომობილზე შევქმენით 3D პროექცია, რომელიც ბუნებრივად ერწყმოდა თხრობას. სწორედ ამან შექმნა პრეზენტაციის კულმინაციური მომენტი, როდესაც შოურუმში მდგარი, სპეციალური ნაჭრით დაფარული სამი ავტომობილი, პირდაპირ სტუმრების თვალწინ გაცოცხლდა და ფერებისა და გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით შექმნა ის ხასიათი და ენერგია, რომელიც ასე განსაკუთრებულს ხდის Lotus Cars-ის ავტომობილებს.

თხრობის დასრულების შემდეგ წამყვანები სტუმრებს შოურუმიდან ცალკე საპრეზენტაციო სივრცეში გაუძღვნენ. საპრეზენტაციო სივრცის შესასვლელში ბადეებისა და პროექციის გამოყენებით მრავალშრიანი ინსტალაცია შევქმენით, რომელიც სტუმრებს ლოტუსთან შეხების ამ გამოცდილების აღქმისთვის, შესაბამის განწყობას უქმნიდა.

საბოლოოდ, Lotus Cars-ის პრეზენტაცია იქცა ჩვენთვის მოკლე დროში შესრულებულ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ, კომპლექსურ და წარმატებულ პროექტად, რომლითაც ვამაყობთ და შესაბამისად, სიხარულით გიზიარებთ ფოტო და ვიდეო მასალას.