როგორ იქმნება იმერსიული, ციფრული სივრცე
სამუზეუმო სივრცეში ყოფნა ჩემთვის ჩვეული მოვლენაა, თბილისში არსებულ ბევრ მუზეუმში მიმუშავია და მინახავს როგორ ვითარდებოდა, იხვეწებოდა და თანამედროვე ხდებოდა ეს ინსტიტუცია. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ციფრული სივრცე მაინც აღმოჩენა იყო ჩემთვის ალბათ იმ შესაძლებლობების გამო რასაც თავაზობს მაყურებელს და თავად მფლობელსაც.
პირველად ჰოლოზეუმში შესვლისას პირისპირ შევეჯახე იმ განსაკუთრებულ ემოციას, რაც ამ სივრცეს მოაქვს. აღმოვჩნდი უსასრულო სამყაროში, სადაც ნებისმიერი ჩემი საყვარელი მხატვრის ტილოს, არქიტექტურულ თუ ბუნების ძეგლს შეიძლებოდა არა უბრალოდ გვერდიდან დავკვირვებოდი, არამედ შევხებოდი, მისი ნაწილი გავმხდარიყავი და დაუსრულებლად მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე.
მაშინ ალბათ ვერ ვიფიქრებდი და ბევრი წლის შემდეგ გაჩნდა ამბავი კრეატორსი, რომელიც ჩემთვის ყოველდღიურობაა და იმ შესაძლებლობას ქმნის ბაზარზე რაზეც ზემოთ ვსაუბრობ.
როგორც ამბავი კრეატორსის CEO, მინდა გითხრათ თუ რა უპირატესობები აქვს ციფრულ სივრცეს, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი მოწყობა, რა ტექნიკური საჭიროებები დგას მის უკან და რამდენ ხანში შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ ასეთი პროექტი. ასევე მოგიყვებით რამდენიმე პროექტზე, სადაც სრულიად ნულიდან შევძელით ცირფული საგამოფენო სივრცე რამდენიმე დღეში შეგვექმნა.
რატომ ციფრული სივრცე?
თანამედროვე მუზეუმი აღარ არის ადგილი, სადაც ექსპონატები შუშის მიღმაა ჩაკეტილი. დღეს ეს არის ინტერაქციული სივრცე, სადაც დამთვალიერებელი აუცილებლად უნდა გახდეს პროცესის უშუალო მონაწილე. ტრადიციულად, ამის მიღწევას მუზეუმები საგანმანათლებლო პროგრამებით, ვორქშოფებით, ღია ლექციებითა თუ დაფარული ფონდების ჩვენებებით ცდილობენ.
ციფრულ სივრცეს კი გააჩნია ყველა კომპონენტი რაც თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს ციფრულ სამყაროში. ინფორმაციის მიღების მარტივობა, თვალისთვის ლამაზი სანახაობა, ფოტოს გადასაღები იდეალური სივრცე და შემეცნების კომპონენტები არის ის დადებითი მხარეები, რაც ციფრულ გამოფენას მნახველისთვის განსხვავებულ გამოცდილებად აქცევს.
განვიხილოთ თითოეული კომპონენტი:
-
ინფორმაციის მიღების სიმარტივე:
ციფრული შოუს შექმნა ჩვენთვის, ამბავი კრეატორსისთვის, არ არის უბრალოდ ატრაქციის მოწყობა, სადაც ადამიანები მხოლოდ ლამაზი სანახაობით დატკბებიან. ეს არის შემეცნებითი, საგანმანათლებლო ფორმატი, საიდანაც დამთვალიერებელს აუცილებლად მიაქვს რაღაც ახალი. ეს ხან ისტორიული მოვლენაა, ხან მეცნიერული აღმოჩენა და ხანაც მხატვრის გამოფენა. იმერსიულ შოუში რთული ისტორიული თუ კულტურული ნარატივი ციფრულ სივრცეში მარტივად აღქმად, ანიმირებულ და შთამბეჭდავ ამბად გარდაიქმნება. მაყურებელი ინფორმაციას იღებს არა მშრალი ტექსტებიდან, არამედ ვიზუალური და აუდიო გამოცდილებით.
-
განსაკუთრებული სანახაობა და იმერსიის ეფექტი:
ჩვენი თითოეული შოუ ამბავს ყვება და ეს ამბავი აუცილებლად ჩანს შოუს შემადგენელ ყველა კომპონენტში იქნება ეს თხრობა, მუსიკა თუ თავად ვიზუალი, რომელიც სპეციალურად თითოეული პროექტისთვის იქმნება. პროექციები და განათება ქმნის გარემოს, სადაც ხელოვნება მაყურებელს კი არ სცილდება, არამედ მას მოვლენების ცენტრში აქცევს.
-
განსხვავებული გარემო საინტერესო კონტენტისთვის:
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში დამთვალიერებელი თავად არის მედია. ციფრული სივრცე იძლევა ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებ იდეალურ, ესთეტიკურ გარემოს, რაც ავტომატურად ზრდის პროექტის ორგანულ ცნობადობას სოციალურ ქსელებში.
-
შემეცნებისა და გართობის ელემენტების ერთიანობა:
ჩემი აზრით, ეს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს ჩვენი თვალიც და ტვინიც გადაღლილია ინფორმაციის ნაკადით თუ მას საინტერესო გზით არ მივაწვდით, ადამიანის გონება მას უბრალოდ გაფილტრავს და გამოტოვებს, ისევე როგორც ბევრ რამეს დღის განმავლობაში. ეს კომპონენტი განსაკუთრებით საჭიროა იმ შოუებში, რომლებსაც ბავშვებისთვის ვქმნით. ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება ცალკე გამოწვევაა, ხოლო მისი აღფრთოვანება უდიდესი ამოცანა. ციფრული სივრცე კი სწორედ ის ადგილია, სადაც სწავლა და გართობა ერთმანეთს ერწყმის. შემეცნებითი ელემენტები ისეა ინტეგრირებული, რომ მნახველი პროცესით სიამოვნებას იღებს და სივრცეს ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ტოვებს.
-
სივრცის მოქნილობა:
სტანდარტულ მუზეუმებში არსებობს ძირითადი და დროებითი საგამოფენო სივრცეები. იმერსიული ოთახის უპირატესობა კი ის არის, რომ შეგიძლია დილით ის საკონფერენციო სივრცედ გამოიყენო, შუადღისას საგამოფენოდ, ხოლო საღამოს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. გარდა ამისა, ციფრული ფორმატი ხელს არ უშლის სტანდარტული გამოფენის მოწყობას; პირიქით, განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ტრადიციულისა და ციფრულის შერწყმით შექმნილი გამოფენებია.
ვის მივმართო ციფრული სივრცის შესაქმნელად ან რა დამჭირდება?
ჩემი როგორც ამბავი კრეატორსის CEO მისიაა ადამიანებმა საქართველოში იცოდნენ რა შესაძლებლობები არსებობს ბაზარზე. ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ რომ ციფრული სივრცის მოწყობა საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია. გვქონია შემთხვევა უკითხავთ თქვენ აკეთებთ თუ საზღვარგარეთიდან ჩამოგყავთ გუნდიო ან დაურეკავთ, კითხვები დაუსვამთ და უთქვამთ დავრწმუნდი, რომ მართლა აკეთებთო. ასეთი შემთხვევები ბევრი გვაქვს და ეს ბლოგი სწორად იმას ემსახურება, რომ თუ ოდესმე გადაწყვეტთ ის უპირატესობა გქონედთ, რაც ციფრულ სივრცეებს მოაქვთ, იცოდეთ, ჩვენ, ამბავი კრეატორსის გუნდი მზად ვართ ეს სივრცე და შესაბამისი კონტენტიც შევქმნათ.
როდესაც ციფრული სივრცის მოწყობაზე ვსაუბრობთ ჩვენთვის ეს არასდროს არაა უბრალოდ ტექნიკის მონტაჟი. სივრცის დაგეგმვა იწყება ჩვენთვის იდეით, რა ემოცია და განცდა უნდა წაიღოს მნახველმა იქედან.
ციფრული სივრცის მოსაწყობად აუცილებელი მოთხოვნა არაა სივრცე ოთხ კედელს და სრულად ჩაბნელებულ გარემოს მოიცავდეს. მთავარია იყოს ადგილი, სადაც პროექტორის დამაგრებას და რამეზე მინათებას შევძლებთ. ამის მაგალითი
გლობალ ტექ ვიქენდისთვის
შექმნილი ინტერაცქიული სივრცეა.
ჩვენი ამოცანა იყო, 5 კედლიანი ციფრული საგამოფენო ადგილი შეგვექმნა. ეს ნამდვილად არ გახლდათ მარტივი: კედლების სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. ციფრული სივრცის დაპროექტებისას კი ყველაზე დიდი ტექნიკური სირთულე ჩრდილებია, როდესაც დამთვალიერებელი კედელთან მიდის, მისმა სილუეტმა გამოსახულება არ უნდა გადაფაროს. იმისათვის, რომ ეს ოთხმეტრიანი ხუთი კედელი სრულყოფილად დაგვეფარა, პროექტორები მინიმუმ ექვსი მეტრის სიმაღლიდან უნდა მიგვენათებინა. სწორედ აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო პროცესი: ჭერზე სპეციალური მყარი კონსტრუქცია დავამაგრეთ, რის შემდეგაც ჩვენმა ტექნიკურმა დირექტორმა, თედომ რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, სიმაღლე დიდად არ უყვარს „დიდი სიამოვნებით“ და საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე დაამაგრა პროექტორები.
შედეგად მივიღეთ საგამოფენო, ციფრული ინტერაქციული სივრცე.
წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა ციფრული ექსპოზიციების შექმნის საკუთარი, გამოცდილი ტექნიკა: ჯერ ვნახულობთ ადგილს, ვგრძნობთ მის პოტენციალს, ვფიქრობთ, რა იქნება ვიზუალურად და ემოციურად ყველაზე ეფექტური, და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ რთულ ტექნიკურ გადაჭრებზე ფიქრს. ასეთი იყო „
ბათუმის ფრინველების ფესტივალიც
“.
ძალიან კარგი დამთხვევა აღმოჩნდა, როდესაც ორგანიზატორებმა დაგვირეკეს, ჩვენი კრეატიული დირექტორი ტორესა სწორედ ბათუმში იმყოფებოდა. მან ნახა სივრცე და სტანდარტულ, მშრალ საკონფერენციო დარბაზში ფაქტობრივად „ფრთები გაშალა“ მოითხოვა, რომ იმერსია შეგვექმნა არა უბრალოდ კედელზე, არამედ ჭერზე პროექციით და შემდეგ ლედ ეკრანით. ვიმსჯელეთ, ავწონ-დავწონეთ, დავთვალეთ საპროექციო კუთხეები და მივიღეთ შედეგი, რომელმაც სივრცე სრულად გარდაქმნა: ფესტივალზე მოსული სტუმრები თავს რეალურად გრძნობდნენ ბუნებაში, რადგან მათ თავზე, ჭერზე ფრინველები დაფრინავდნენ.
მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ გასაგები იყოს რამდენად დიდი შესაძლებლობა აქვს ციფრულ ფორმატს, რომელიც შესაძლებელია აიწყოს უკვე არსებულ გარემოში ან მისთვის გამოიყოს სპეციალური ადგილი და შეიქმნას განსაკუთრებული გამოცდილება დამთვალიერებლისთვის.
ჰოდა, მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, ციფრული სივრცის მოწყობა ყველგან, ყველა პირობებში და მცირე დროშიც შესაძლებელია. მთავარი მონდომება, ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში საკმარისად დაგვიგროვდა.
და მაინც რა ტექნიკური აღჭურვილობაა ციფრული სივრცის გასამართად საჭირო?
თუ მარტივად ვუპასუხებთ:
ღია ფერის კედლები, პროექტორი, კომპიუტერი, საუნდ სისტემა და კაბელები. ინტერაქციისთვის კი, რომლის გარეშეც ექსპოზიცია შესაძლოა მოსაწყენი გამოვიდეს, კამერა დაგჭირდებათ. ეს მარტივი სასტარტო ტექნიკაა, რომელიც რეალურად დიდ ეფექტს იძლევა.
ცოტა ჩავშალოთ:
იმისთვის, რომ ციფრული სივრცე მოვაწყოთ, პირველ რიგში პროექტორები ან სხვა მულტიმედიური ტექნიკაა საჭირო. იმის მიხედვით თუ რა შედეგი გინდათ მიიღოთ, ჩვენ გირჩევთ რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკა. ფასებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ქართულ ბაზარზე შესაძლებელია იქირავოთ კიდეც ყველაფერი თუ დროებით საგამოფენო სივრცეს აწყობთ, თუმცა ძალიან დიდი არჩევანიც არ გვაქვს. ცხადია,თუ გსურთ, რომ მუდმივად გქონდეთ, სჯობს იყიდოთ და ამ დროს თედოს ჯადოქრობა ერთვება, რომელმაც ზუსტად იცის სად და როდის უნდა შეიძინოს ტექნიკა. სასურველ კომპიუტერს და დინამიკებს ადგილზეც იშოვით, ასევე არ გაგიჭირდებათ კამერის შოვნაც თუ განსაკუთრებულ, ინტერაქციულ სენსორებს არ ითხოვთ. ჩვენ გეხმარებით, არ გადაიხადოთ ზედმეტი იმაში, რაც არ გჭირდებათ და იყიდოთ ზუსტად ის, რაც თქვენს სივრცეს მოუხდება.
ჩვენი თანამშრომლობა იწყება იქ, სადაც თქვენ გიჩნდებათ იდეა განსხვავებული სივრცე შექმნათ, ამბავი კრეატორსის გუნდი კი იმ წამიდან, რაც ეს იდეა თქვენს თავში გაჩნდება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შექმნას ისეთი ადგილი, საიდანაც გასული დამთვალიერებელი აუცილებლად იქნება უფრო ბედნიერი ვიდრე მანამდე იყო.
დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ სანერვიულო არაფერია, ტექნიკას და კონტენტს ჩვენ მოვაგვარებთ, თქვენ უბრალოდ მიზანი გვითხარით, რისი მიღწევა გსურთ.